ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას მოდერაციას გაუწევენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას მოდერაციას გაუწევენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, თემატურ სამუშაო სესიებს მოდერაციას გაუწევენ მედიის ცნობილი წარმომადგენლები და ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის პირველი სესიის თემაა „პარტნიორობის 10 წელი – პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“, რომლის მოდერატორია Think the Unthinkable-ის დამაარსებელი და თანადირექტორი, ჟურნალისტი ნიკ გოუინგი. 1996-2014 წლებში გოუინგი BBC-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების – BBC World News-ის წამყვანი, 18 წლის განმავლობაში ITN-ის რომისა და ვარშავის ბიუროს ხელმძღვანელი და Channel Four News-ის დიპლომატიური რედაქტორი იყო. ის ასევე იყო რამდენიმე საბჭოს წევრი, მათ შორის Chatham House, Royal United Services Institute, Overseas Development Institute.

მეორე სესიას „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“ მოდერაციას გაუწევს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი და უფროსი მკვლევარი სტივენ ბლოკმანსი. 20 წლის განმავლობაში ბლოკმანსი ჩართული იყო ევროკავშირისა და ეროვნული დონორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში. ის ასევე განვითარებადი ქვეყნების მთავრობების მრჩეველი გახლდათ ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებით.

რიგით მესამე სესიის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ – სტიმული დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ მოდერატორია პოლონეთის დიპლომატიის ევროპული აკადემიის დამაარსებელი და დირექტორი, კატარინა პისარსკა.

„2020 წელი – 20 მიზანი პარტნიორთა გასაძლიერებლად“ კონფერენციის მეოთხე სესიაა, რომლის მოდერატორია ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის და სომხეთი-ევროკავშირისა და აზერბაიჯანი-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, საჯად კარიმი. საჯად კარიმი ევროპული პარლამენტის წევრად 33 წლის ასაკში აირჩიეს. 2019 წელს მას მინიჭებული აქვს ევროპარლამენტის ჯილდო ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის.

სესიის „შავი ზღვის უსაფრთხოება: დაპირისპირებებიდან შესაძლებლობების ზღვამდე“ მოდერატორია ევროკავშირი-აზიის ცენტრის დირექტორი და ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ფრეიზერ კამერონი.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ასევე ღამის სესია, რომლის თემაა „თანამედროვე პასუხები თანამედროვე საფრთხეებს: მშვიდობა ჰიბრიდული გამოწვევების ეპოქაში“. ღამის სესიას მოდერაციას გაუწევს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის რუსეთის პროგრამის დირექტორი და უფროსი მკვლევარი, ბრაიან ვიტმორი.

სესიის „მაღალი დონის სადისკუსიო პანელი ურთიერთკავშირის თემაზე“ მოდერატორია ევროპული ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ლი.

რიგით მეშვიდე სესიის – „მომავლის ინვესტიცია: განათლება და გადაადგილების შესაძლებლობები ახალგაზრდა თაობებისათვის“ მოდერატორია ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, კლერ მუდი. იგი ამჟამად უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომისიის ვიცეთავმჯდომარეა. ის ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის, მრეწველობის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის და ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრია. მუდი ასევე ევროკავშირი-სომხეთის და ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტებისა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრია. კლერ მუდი არის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე.

მერვე სესიის თემაა „ორი რეგიონის ერთი ისტორია: აღმოსავლეთ პარტნიორობა და ბალკანეთი“, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ნატალი საბანაძე.

შემაჯამებელი სესიის „აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 – გადავტვირთოთ და განვაახლოთმოდერატორია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.

ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შემაჯამებელი სიტყვით დაიხურება.