ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერი - მძიმე დაავადებების ფონზე, ვფიქრობ, არ შეიძლება, 67 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დავასახელოთ
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერი - მძიმე დაავადებების ფონზე, ვფიქრობ, არ შეიძლება, 67 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დავასახელოთ

ბათუმში დღეს დაფიქსირებული გარდაცვალების ფაქტის საფუძვლად არ შეიძლება განვიხილოთ კორონავირუსი, – ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა გია კიკაბიძემ განაცხადა.

თუმცა, მენეჯერის თქმით, ეს მისი პირადი მოსაზრებაა.

„მას ჰქონდა ინსულტი და ამ დიაგნოზით იმყოფებოდა რეფერალურში, სადაც მოგვიანებით სიცხის გამო კორონავირუსზე გამოიკვლიეს და ვირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ გადმოიყვანეს ჩვენთან კომატოზურ მდგომარეობაში. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, პნევმონია. ამდენად, მე მიმაჩნია, რომ ამ მძიმე დაავადებების ფონზე, არ შეიძლება სიკვდილის მიზეზად დავასახელოთ კორონავირუსი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია და სტატისტიკის შინაარსი ჩემი პრეროგატივა არ არის“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრში დღეს ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 67 წლის მამაკაცი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილი ინსულტის დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ მას კორონავირუსიც დაუდასტურდა, რის შემდეგაც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, საერთო სტატისტიკაში გარდაცვლილთა რიცხვმა 23 შეადგინა. დღეს გარდაცვლილ სამივე ინფიცირებულს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.