ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე განაცხადა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, უნივერსიტეტის აკადემიური წრეების ჩართულობით უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აღჭურვის პარალელურად, სწორედ საუნივერსიტეტო კლინიკის მომზადებაზე იმუშავებს.

უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები პანდემიის პერიოდში მუშაობდნენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან.

საუნივესიტეტო ცხოვრებაში არ უნდა შეიქმნას შეფერხებები. მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურული პროექტების დინამიკა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა – გაიხსნა ევროპული სტანდარტების, 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი, ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი სინქრონული თარგმანის ლაბორატორია, აშენდა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი.

„ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეპიდემიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, წარმატებით მიმდინარეობს ელექტრონული სწავლება, მოქმედებს ელექტრონული პლატფორმა. არც ერთ სტუდენტს პანდემიის პერიოდში გადაუხდელობის გამო, არ შეჩერებია სტუდენტის სტატუსი“, – ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი