ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გარდაცვლილ ორ პაციენტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გარდაცვლილ ორ პაციენტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა.

გარდაცვლილი არიან 51 და 68 წლის მამაკაცები. კლინიკის მენეჯერის გია კიკაბიძის განცხადებით, ორივე მათგანს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის პარალელურად მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„68 წლის კაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 27 სექტემბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობ, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 10 ოქტომბერს.

51 წლის კაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 8 ოქტომბერს, დიაგნოზი: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, ჰიდროთორაქსი. თანმხმლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის კრიტიკული და აორტის სარქვლის პირველი ხარისხის ნაკლაოვანება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა“, – აცხადებენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია შვიდი პაციენტი. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. სულ რეანიმაციაში 44 პაციენტია მოთავსებული.

ამასთან, გარდაცვალების ერთი ფაქტი დაფიქსირდა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლის ქალს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის პარალელურად აღენიშნებოდა
შაქრიანი დიაბეტი, იყო ინსულინ დამოკიდებული და ამასთანავე ჰქონდა გულის ქრონიკული უკმარისობა, დეკომპენსაცია, ორმხრივი პნევმონია.

საერთო ჯამში აჭარში კორონავირუსით დღეს სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი, გარდაიცვალა შვიდი.