ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან შენობის აღჭურვის დროულად დასრულება მოითხოვეს

16:09, 18.05.2019

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი ახალი შენობის დასრულებისა და ტექნიკურად აღჭურვის დაჩქარებას ითხოვს. დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს და ეჭვი გამოთქვეს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან მუნიციპალური საავადმყოფოს შეძენა ერთ-ერთ კერძო კომპანიას სურს.

„აქ არის ხელოვნურად პროცესის გაჭიანურება და ბლოკირება, რადგან კერძო კორპორაცია, რომელსაც ახლა არ დავასახელებ, აბლოკინებს სახელმწიფო საავადმყოფოს ფუნქციონირებაში გაშვებას. სტადიონი, რომელიც კარგი პროექტია, უნდა დასრულდეს ერთი წლით ადრე, ესეც საუკუნის პროექტია, საავადმყოფოსთვის ერთი თეთრი არ არის წელს გათვალისწინებული ბიუჯეტში“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ბენო ჭელიძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებისა და ტექნიკური აღჭურვილობის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სამინისტრო უარყოფს მუნიციპალური საავადმყოფოს გასხვისების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას. ის, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მუნიციპალურ საავადმყოფოდ დარჩება, რამდენჯერმე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც განაცხადა.

მსგავსი