ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 22 პაციენტი შეიყვანეს
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 22 პაციენტი შეიყვანეს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 22 პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კიკაბიძემ განუცხადა.

​„საღამოს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 22 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. ამ დროისთვის, ჩვენს საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება. აქედან ცხრა მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, ოთხი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მიმდინარეობს ჟანგბადის მიწოდება. დანარჩენი ხუთი პაციენტის მდგომარეობა კი, საშუალო სიმძიმისაა.

141 პაციენტიდან 78-ს აღენიშნება პნევმონია სხვადასხვა პროცენტით. მათთან მიმდინარეობს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მკურნალობა. ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, სტაბილური მდგომარეობაა, რადგან იყო დღეები, როცა ჩვენს კლინიკაში 40-41 პაციენტი შემოჰყავდათ. დღეის მონაცემებით კი, 22 პაციენტია. ეს შეიძლება სხვა კლინიკების მუშაობამაც გამოიწვია, რადგან აჭარაში რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა, „მედალფა“, ინფექციური და „ბომონდი“ მუშაობს“, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.