ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 19 პაციენტი მოათავსეს
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 19 პაციენტი მოათავსეს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 19 პაციენტი მოათავსეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძემ განუცხადა, ახალი პაციენტებიდან ექვსი კლინიკაში არსებული ცხელების ცენტრიდან მიიღეს, ხოლო დანარჩენები სხვა ცენტრებიდან გადმოიყვანეს.

„19 პაციენტი დაემატა კიდევ. აქედან ექვსი პაციენტი ჩვენი ცხელების ცენტრის პაციენტია, ხოლო დანარჩენი კი სხვა კლინიკებიდან და ცხელების ცენტრებიდანაა შემოყვანილი. დღეის მდგომარეობით, სულ 147 პაციენტია. აქედან 56-ს აღენიშნება პნევმონია, შვიდი პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ორი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ სტაბილურად, აპარატზე არც ერთი პაციენტი არ არის“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული 19 პაციენტი ძირითადად უკვე ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებია.

„ძალიან ბევრი ტესტირება ტარდება ბათუმში. ბევრი ადამიანი იტარებს ამ ტესტს. მოსახლეობა გაგებით ეკიდება. რესპუბლიკურის გარდა, უკვე ამუშავდა ქობულეთში კლინიკა „მედალფა“, ინფექციური საავადმყოფო, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პაციენტები სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდეს, ხოლო ის პაციენტები, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ და პნევმონია არ აქვს, გარკვეული დღეების განმავლობაში შეიძლება, გადაყვანილნი იქნან საკარანტინო ზონაში, სადაც ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ.