ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირებულთა მისაღებად კლინიკაში ყოველდღიურად 25-მდე ადგილი თავისუფლდება
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირებულთა მისაღებად კლინიკაში ყოველდღიურად 25-მდე ადგილი თავისუფლდება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყოველდღიურად გვაქვს თავისუფალი 20-25 ადგილი, – ამის შესახებ კლინიკის მენეჯერმა, გია კიკაბიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტებისა და იმ ინფიცირებულთა ხარჯზე, რომელთა მდგომარეობაც უმჯობესდება და კოვიდსასტუმროებში გადაჰყავთ, მუდმივად თავისუფლდება ადგილები.

„დღეს დილისთვის კლინიკაში 11 თავისუფალი ადგილია, თუმცა მიმდინარეობს ე.წ. შემოვლის პროცესი. სავარაუდოდ, კლინიკას დღეს 20-25 პაციენტი დატოვებს, რაც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ახალი ნაკადი“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 201 ინფიცირებული ჰყავთ, 48 იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მათგან ცხრა აპარატულ სუნთქვაზეა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 37 ინფიცირებული მუდმივ რეჟიმში საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, საშუალო სიმძიმისაა.