ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ეკა ფუტკარაძემ უფლებამოსილება შეიჩერა
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ეკა ფუტკარაძემ უფლებამოსილება შეიჩერა

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ეკა ფუტკარაძემ, რომელსაც ორი დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებდნენ, საკუთარი გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეიჩერა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ დაუდასტურა.

გარდაცვლილის ახლობლებმა, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ ბათუმის შესასვლელი, ინფორმაციის მიღების შემდეგ აქცია შეწყვიტეს. სამართალდამცველებმა მანამდე გზა გაათავისუფლეს, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა და ის ახლობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმის შესასვლელში საავტომობილო მიმოსვლა აღდგა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, 29 წლის მელანო ფუტკარაძის  გარდაცვალების ფაქტის გამოძიების შესახებ მოთხოვნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოშია გაგზავნილი.

„სანამ დასკვნა დაიდება, გადაწყვეტილება თავად ექიმმა მიიღო, რომ ჩამოშორდეს საქმიანობას. თუმცა მოთხოვნა რეგულირების სააგენტოში გაგზავნილია საქმის გამოძიების შესახებ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიება. დასკვნა როდესაც იქნება, დამნაშავე შესაბამისად დაისჯება”,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ახლობლები ამბობენ, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდებიან, მანამდე კი, საპროტესტო აქციებს შეწყვეტენ.

„ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. მთავარი მოთხოვნა შესრულებულია, რომელიც ეკა ფუტკარაძის გადადგომას ითვალისწინებდა. თუ ეს ექიმი იქნება მართალი, დაუბრუნდება სამსახურს, თუ არა – წავა ციხეში, ჩვენ არ გავჩერდებით. ხვალ აქცია აღარ გვექნება”,- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ, ზაურ დარჩიძემ.

დატოვე კომენტარი