ბათუმის პორტში დაგეგმილი მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა მოქალაქეთა ნაწილმა გააპროტესტა
ბათუმის პორტში დაგეგმილი მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა მოქალაქეთა ნაწილმა გააპროტესტა

ბათუმის პორტში დაგეგმილი მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა მოქალაქეთა ნაწილმა დღესაც გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ტერმინალში საშიში ქიმიური ნივთიერებების გადატვირთვა იგეგმება, რაც ბათუმს ეკოლოგიურ საფრთხეებს უქმნის.

აქციაზე დღეს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომაც მოითხოვეს, რადგან ლაშა კომახიძემ მშენებლობის ნებართვას უკვე მოაწერა ხელი.

„საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო დოკუმენტაცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. ასეთ დოკუმენტს ხელისუფლება არ ღებულობს, ევროპის მითითების მიუხედავად. ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე არსად პოზიციას არ აფიქსირებს. ქიმიურ ტერმინალზე როცა ვსაუბრობთ, ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის კარბამიდის ტერმინალი, არ შეგიყვანონ ხალხო შეცდომაში. აქ მთავარია ფული და არა ხალხის ინტერესი,” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ბათუმის მერმა მშენებლობის ნებართვას 12 მარტს მოაწერა ხელი. ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ უწყებას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე თავი შეეკავებინა, რადგან კომპანიამ მოამზადა და წარმოადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების კუთხით.

ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალს ამერიკული კორპორაცია „ტრამო” ააშენებს.

კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.