ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი შევიდა
ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი შევიდა

ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO შევიდა. ხომალდის ეკიპაჟს პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. გემის მეთაურებს ტრადიციულად, ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. საზეიმო ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

„ბოლო პერიოდში ბათუმი უკვე ხშირად მასპინძლობს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, რაც უდაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. ბრიტანული გემი შავი ზღვის აკვატორიაში პატრულირებს და იმედი მაქვს, ხშირად შევხვდებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ბრიტანული ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთიერთობებისა.

„HMS ECHO-ს შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება. აღნიშნული ვიზიტით დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას“, – ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

ხომალდი HMS ECHO ბათუმს 30 დეკემბერს დატოვებს.