ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

ბათუმის პორტში 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება. ახალი ინვესტიციის შესახებ განმარტებები დღეს პორტის კომერციულმა დირექტორმა, ილიას მუკატოვმა გააკეთა.

მისი განცხადებით, პროექტი მზად არის, თუმცა როდის დაიწყება მშენებლობა, ჯერ უცნობია. მშენებლობის დეტალებს, როგორც კომერციული დირექტორი ამბობს, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ათანხმებენ.

მუკატოვის განცხადებით, ახალი ტერმინალი იქნება მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო, რადგან ძირითადად იგი კარბამიდის გადატვირთვას ითვალისწინებს.

პორტის კომერციული დირექტორის თქმით, ტერმინალთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია და პორტი შეეცდება მისი უვნებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს როგორც პორტის თანამშრომლებს, ასევე საზოგადოებას.

„ეს არის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსკავკასიური დერეფნის განვითარებას. დამატებით გადამუშავდება მილიონ 200 ათასი ტონა კარბამიდი, რომელიც არის ორგანული მინერალური სასუქი, გამოიყენება სოფლის მეურნეობაში და როგორ შეიძლება ის იყოს მავნებელი.

ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა ტერმინალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პროექტი აკმაყოფილებს ყველა გარემოსდაცვით სტანდარტს, მასში ჩართულია ტრანსნაციონალური კომპანიები და საერთაშორისო ტრეიდერი ტრამმო. პროექტი საქართველოს ყველა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმების პროცესშია“, – განაცხადა ილიას მუკატოვმა.

ტერმინალის მშენებლობა პორტის თანამშრომლებმა დაახლოებით ერთი თვის წინ გააპროტესტეს. ისინი ეჭვობენ, რომ ქიმიური ტერმინალი ქალაქში მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელებას შეუწყობს ხელს. პორტის თანამშრომლები და მოქალაქეები მშენებლობის გაპროტესტებას ხვალაც გეგმავენ.