ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი ნაწილი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად ტერმინალში მუშაობა შეაჩერა.

ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირების თავმჯდომარის ამირან მიქელაძის განცხადებით, გაფიცულია 60-მდე თანამშრომელი, რომლებიც ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ. ამასთან, მისივე თქმით, დარღვეულია შვებულების გამოყენების წესი.

„უსაფრთხოების ნორმები ირღვევა. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თითოეული თანამშრომელი ჯანმრთელობის ფასად ამუშაონ. ჩვენ კანონის ფარგლებში ვითხოვთ პირობების გაუმჯობესებას. ამის შესახებ შრომის ინსპექციამაც დადო დასკვნა“, – აცხადებს ამირან მიქელაძე.

ტერმინალის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში პროტესტს გააგრძელებენ.