ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან 10-მდე მოშიმშილე ღამის გათენებას აპირებს
ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან 10-მდე მოშიმშილე ღამის გათენებას აპირებს

ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან 10-მდე მოშიმშილე აპირებს ღამის გათენებას. პორტში პროტესტი გრძელდება.

თანამშრომლები კვლავ დირექტორის გადადგომას ითხოვენ, ასევე გარანტიებს, რომ მათ სამსახურიდან არ გაუშვებენ.

„ვითხოვთ დირექტორის უპირობო გადადგომას, მანამდე ვიშიმშილებთ. მიზეზია თანამშრომლების შემცირება, რეორგანიზაციის პროცესი და სამედიცინო დაზღვევის გაუარესება“, – ამბობს აქციის მონაწილე თენგიზ სურმანიძე.

როგორც მოშიმშილეები ირწმუნებიან, პორტში მუშაობა პარალიზებულია.

„დირექტორს გეგმები ჰქონდა, რომ გაეშვა ეს ხალხი. პროცესი დაიწყო პენსიონერებიდან, ისე, რომ არ გაგვაფრთხილეს. ზეწოლა იყო პენსიონერებზე. ორი კვირის განმავლობაში 26 კაცი გაუშვა, მერე ხელწერილებით 50 ადამიანის გაშვება შევაჩერებინეთ. ახლა დირექტორის გადადგომას ვითხოვთ. ახლა არავინ მუშაობს“, – განაცხადა აქციის მონაწილე გელა ლორიამ.

პორტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლების შეხვედრა დღეს უშედეგოდ დასრულდა.