ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი შევიდა [ფოტო]
ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი შევიდა [ფოტო]

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ შევიდა.

გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია.

„სასიხარულოა, რომ საქართველო-საფრანგეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად იმართება ფრანგული გემების საპორტო ვიზიტები ბათუმში. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი ვიზიტები. ჩვენ ვაფასებთ ამ გზით გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ბოლო პერიოდში ხშირად ვმასპინძლობთ როგორც ნატო-ს გემებს, ასევე პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ფლოტის ხომალდებს. ეს მიუთითებს ინტერესსა და მხარდაჭერაზე, რომელიც გვაქვს პარტნიორი ქვეყნებისგან, როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნის რეფორმების, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში გემის დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, საქართველოში საფრანგეთის ელჩი  დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

ფრანგული ხომალდის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სწავლებები ღია ზღვაში, რომელშიც ფრანგი მეზღვაურები, სანაპირო დაცვის წევრები და სპეციალური ოპერაციების ძალები ჩაერთვებიან.