ბათუმის ნავსადგურში ბრიტანეთის სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი შევიდა
ბათუმის ნავსადგურში ბრიტანეთის სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში ბრიტანეთის სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი ,,HMS ECHO“ შევიდა. შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ხომალდის შემოსვლა დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება.

ეკიპაჟის წევრებს, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა. საუბარი ორი ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ურთიერთობებს შეეხო.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარას, მისი ზღვისპირა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკური, ტურისტული თუ სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში.

„დინამიურად ვითარდება ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის მიმართულებით. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბრიტანეთის სამეფო არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ამ მიმართულებით“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა ბრიტანულმა ინვესტიციებმა. გასულ წელს პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციების რაოდენობამ 203,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა ტურისტების ნაკადი. ქვეყნიდან ყოველკვირეულად ხორციელდება ხუთი პირდაპირი ფრენა ლონდონის მიმართულებით.