ბათუმის მუნიციპალურ ავტოპარკს ახალი ელექტროავტობუსები შეემატება
ბათუმის მუნიციპალურ ავტოპარკს ახალი ელექტროავტობუსები შეემატება

ბათუმის მუნიციპალურ ავტოპარკს  აპრილის ბოლოდან ახალი ელექტროავტობუსები შეემატება. ელექტროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და კომპანია „ბელკომუნამაშს“ შორის დღეს ფორმდება.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბელკომუნამაში“, სატენდერო პირობების თანახმად, 8 ერთეული ელექტროავტობუსის მიწოდებას უზრუნველყოფს.

სატენდერო თანხა 3 მილიონ 777 ათას ევროს შეადგენს. პროექტისთვის აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეღავათიანი სესხია. ელექტროავტობუსების დაფინანსების კუთხით, პროექტი პირველია ფონდისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.

გასულ წელს ბათუმის ავტოპარკი 40 ავტობუსით განახლდა. ავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.

დატოვე კომენტარი