ბათუმის მიმართულებით კიევიდან და ბაქოდან ავიარეისები დაინიშნა
ბათუმის მიმართულებით კიევიდან და ბაქოდან ავიარეისები დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „სქაიაფ ეარლაინსსა“ (SkyUp Airlines) და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ბუთა ეარვეისს“ (Buta Airways) ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.

კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული SkyUp Airlines-ი რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.

აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ პარასკევსა და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.