ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის გიორგი ერმაკოვი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

საქმეზე არსებითი განხილვა 6 აგვისტოს ჩაინიშნა.

ადვოკატები ბრალდებულებისთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა. პროკურორების განცხადებით, არ არის გამორიცხული, დაკავებულთა ნაწილს ბრალი დაუმძიმდეს.

პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.