ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახალი ბულვარის ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახალი ბულვარის ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო

ახალი ბულვარის ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპიროს აღდგენასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, შტორმის დროს სანაპიროს დაზიანების პრობლემა ათეულობით წელია, არსებობს. როგორც აღინიშნა, სანაპირო ზოლში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ბოლო ორი თვის განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაციაა შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან.

„დღეს შეხვედრა გავმართე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპიროს აღდგენის საკითხსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე და შემდგომში, კონკრეტული მონაკვეთის ადგილზე დათვალიერებისას განვიხილეთ სამომავლო პერსპექტივები, ასევე პრევენციებთან, ეროზირებული ტერიტორიების აღდგენასა და სამომავლო საპროექტო დავალებებთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული პრობლემის შესწავლა გრძელდება ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად. სამომავლო გეგმებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა ბათუმის მერმა არჩი ჩიქოვანმა.

ბოლოდროინდელი შტორმების შედეგად ახალ ბულვარში სავალი ბილიკები და ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა.