ბათუმის მერია შეზღუდვების შემსუბუქებასა და ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განმარტებებს ავრცელებს
ბათუმის მერია შეზღუდვების შემსუბუქებასა და ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განმარტებებს ავრცელებს

პირველი თებერვლიდან ბათუმში შეზღუდვების შემსუბუქებასთან და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განმარტებებს ავრცელებს. მერია მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობის დროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები. მგზავრობისას სავალდებულოა პირბადის ტარება. აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა. აკრძალულია მძღოლის გვერდით წინა სავარძლით სარგებლობა“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ქალაქში მუნიციპალური ავტობუსები იმუშავებს 21:00 საათამდე, ხოლო მიკროავტობუსები – 20:00 საათამდე.

„ყველა მუნიციპალურ ავტობუსში განთავსებული იქნება სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ხოლო ახალ ელექტროავტობუსებში სპეციალური აპარატებით განხორციელდება მგზავრთა ავტომატური თერმოსკრინინგი. ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად მოწყობილია ბარიერები. მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება. დაწესებული რეგულაციების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს. რაც შეეხება მუნიციპალურ სასადილოებსა და საბავშვო ბაღებს, სურსათის გაცემა გაგრძელდება ყველა საპრევენციო რეგულაციის მკაცრი დაცვით“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს პირბადის ტარება.

„ასევე, მოვუწოდებ მოსახლეობას. ტრანსპორტში მგზავრობისას დაიცვან ყველა დაწესებული რეგულაცია“, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.