ბათუმის მერია - გარემოვაჭრეები, რომლებიც ალტერნატიულ ფართზე გადაინაცვლებენ, 600 ლარს მიიღებენ და 2 წლით გადასახადებისგან გათავისუფლდებიან
ბათუმის მერია - გარემოვაჭრეები, რომლებიც ალტერნატიულ ფართზე გადაინაცვლებენ, 600 ლარს მიიღებენ და 2 წლით გადასახადებისგან გათავისუფლდებიან

ბათუმის მერია საკურორტო სეზონამდე ქალაქის ცენტრალური ნაწილის გარევაჭრობისგან გათავისუფლებას გეგმავს და მოვაჭრეებს უპრეცედენტო წინადადებას სთავაზობს. ყველა გარემოვაჭრე, რომელიც ტერიტორიას დატოვებს და მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაინაცვლებს, 600 ლარს მიიღებს და 2 წლით გადასახადისგან გათავისუფლდება. გარდა ამისა, ახალი სავაჭრო ადგილისკენ დაინიშნება უფასო ავტობუსებიც. წინააღმდეგობის შემთხვევაში, მერია სამართალდამცველებს მიმართავს. შესაბამისი განცხადება ბათუმის მერიამ უკვე გაავრცელა.

„ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც ნებაყოფლობით, სათანადო აღრიცხვის საფუძველზე გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ტერიტორიას, გადავა და საქმიანობას გააგრძელებს გოგოლის ქ. #1-ში მდებარე ალტერნატიულ ფართში, შეთანხმების საფუძველზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ კომპენსაციის სახით გადასცემენ 200 ლარს ყოველთვიურად, 3 თვის განმავლობაში

ბათუმის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ მომდევნო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფენ სამგზავრო ავტობუსების გამოყოფას, რეგულარულად, ერთი საათის ინტერვალით, რომელიც გარემოვაჭრეების მიერ შერჩეული ქალაქის ტერიტორიიდან მოემსახურება ნებისმიერ პირს, მათი უფასო ტრანსპორტირების მიზნით, გოგოლის #1-ში მდებარე სავაჭრო ცენტრში და პირიქით
სავაჭრო ადგილები გარემოვაჭრეებს გამოეყოფათ უფასოდ, ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იმოქმედებს არანაკლებ 24 თვის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ მოხდება უნებართვოდ დაკავებული ტერიტორიების ნებაყოფლობით გათავისუფლება და უკანონო გარევაჭრობის შეწყვეტა, მერია განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლო ღონისძიებას, როგორც სამართალდამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი სანქციების ამოქმედების, ასევე, უნებართვოდ დაკავებული საზოგადოებრივი სივრცეების გათავისუფლების კუთხით,”-ნათქვამია განცხადებაში.