ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა. ამის შესახებ კომახიძემ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ის გადადგომის ზუსტ მიზეზებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება გუნდის შეხედულების გათვალისწინებით მიიღო.

„სხვა გადაწყვეტილება დააზიანებდა გუნდს და იმ პროექტებს, რომლებსაც ვახორციელებთ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ქალაქის განვითარებაა“, – განაცხადა ყოფილმა მერმა.

ლაშა კომახიძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თანამდებობას ზეწოლისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაპირისპირების გამო ტოვებს.

„მასთან ყოველთვის,  ბოლო წუთამდეც,  კონსტრუქციული, კოლეგიალური დამოკიდებულება მქონდა,“, – ამბობს ლაშა კომახიძე.

კომახიძის განცხადებით, მასთან ერთად, თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც ტოვებს. ვიცე-მერის თანამდებობაზე მან აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დანიშნა, სწორედ ჩიქოვანი შეასრულებს მერის მოვალეობას.

ლაშა კომახიძე არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა ამბობს, რომ აქვს ბევრი შეთავაზება და საკუთარ თავს საერთაშორისო ორგანიზაციებში ან არასამთავრობო სექტორში ხედავს.