ბათუმის მერი განმარტავს, თუ რა რეგულაციების დაცვით ამუშავდება ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი
ბათუმის მერი განმარტავს, თუ რა რეგულაციების დაცვით ამუშავდება ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი

მუნიციპალური ავტოვუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა ხვალიდან ბათუმშიც აღდგება.

ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აუცილებელი რეგულაციების შესახებ ისაუბრა.

როგორც აღინიშნა, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება, აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში.

მიკროავტობუსებში აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება და ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.

მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით.

რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება ავტობუსების სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერების შევსება.

მძღოლის კაბინა შემოსაზღვრული იქნება შესაბამისი ლენტით.

ის ლოკაცია, სადაც მძღოლებს უწევთ სამსახურში გასვლის წინ შესაბამისი აღრიცხვის გავლა, ყოველდღიურად დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით, ხოლო მძღოლებს სამსახურში გასვლამდე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ პირბადეები.

ჯიპიეს სისტემის მეშვეობით მოხდება ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის მიღება.

ავტობუსების მუშაობის პროცესში პერიოდულად გაჟღერდება მოწოდება სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით.

როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს, ასევე, მიკროავტობუსებს ყოველდღიურად ჩაუტარდება შესაბამისი დეზინფექცია. საზოადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კონტროლს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.