ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ლუგარის ლაბორატორიიდან მოსული ანალიზების პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ გააკეთა.

მამაკაცი სახლში გაწერეს და ექიმების დაკვირვების ქვეშ გააგრძელებს მკურნალობას. ბოქსირებულ განყოფილებაში იგი სარფის საბაჟოდან გადაიყვანეს. საზღვრის კვეთისას მას საეჭვო სიმპტომები ჰქონდა.

„პაციენტს, რომელიც გუშინ მოათავსეს სამედიცინო კარანტინში, კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დაუდგინდა. ის დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას და თვითიზოლაციაში გააგრძელებს მეთვალყურეობას, თუმცა ის პრაქტიკულად ჯანმრთელია. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მისი ნიმუშის ტრანსპორტირება მოხდება ხვალ დილით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

ამჟამად ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება. იტალიიდან დაბრუნებული 30 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში სიცხის გამო თავისი სურვილით მივიდა.