ბათუმის იაშვილის სახელობის ჰისპიტალში აცხადებენ, რომ კორონავირუსით 12 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა მიმდინარეობს
ბათუმის იაშვილის სახელობის ჰისპიტალში აცხადებენ, რომ კორონავირუსით 12 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა მიმდინარეობს

ჩვენი კლინიკის მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო, – განუცხადა მედიას იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ კორონავირუსით 12 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 12 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაში მათთან გუშინ, ღამის საათებში შეიყვანეს.

„კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მას საკუთარი ქრონიკული, მძიმე დაავადების გამო ესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება. ასევე, უნდა ითქვას, რომ დარღვეული იყო კლინიკო-ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ გამოიძახეს კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, ტრანსპორტირების განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება.

კლინიკაში შემოსვლისას ჰქონდა სხვადასხვა სისტემის უკმარისობა, მაგრამ წამყვანი მისი ქრონიკული დაავადება იყო. მას ჰქონდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც ხშირი პერიოდულობით საჭიროებდა ჩარევას.

მიმდინარეობს შიდა სამედიცინო მოკვლევა, თუმცა რეგულირების სააგენტო ჯერ ჩართული არაა“, – განაცხადა თამარ ბახტაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, ხომ არ იყო დაგვიანებული რეფერირება, მან აღნიშნა: „არა, არ იყო დაგვიანებული. ექვს საათში მოხდა რეფერირება“.

დატოვე კომენტარი