ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრები ცვლილებებს ითხოვენ - ხელმძღვანელობა შუა სეზონში მწვრთნელის შეცვლას არ აპირებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრები ცვლილებებს ითხოვენ - ხელმძღვანელობა შუა სეზონში მწვრთნელის შეცვლას არ აპირებს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელები ვეტერან ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შეხვდნენ – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართა ოფიციალურმა ჯგუფმა, „შავი ზღვის მეკობრეებმა“, გაავრცელა განცხადება, რომელშიც მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის გადადგომას მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტი დაანონსდა.

„ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩის შემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში – ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენს წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000 მდე გულშემატკივარი ვითხოვთ.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი, არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშიდობებოდა – როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუ კი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა“, – წერია „მეკობრეების“ განცხადებაში.

„შეხვედრაზე კლუბის მენეჯმენტმა მოისმინა გულშემატკივრების პოზიცია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით და საკუთარი შეხედულება გააჟღერა. ანალოგიური ფორმატის შეხვედრის შეთავაზება მიიღეს ჩვენი ფან კლუბის წევრებმაც. შეხვედრის დრო და ლოკაცია მოგვიანებით დაზუსტდება“, –  წერია კლუბის მიერ გავრცელებულ წერილში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გუნდის გულშემატკივრებს, მთავარი მწვრთნელის გარდა, პრეტენზია აქვთ სპორტული დირექტორის, ლადო დვალიშვილის მიმართაც, რადგან ჩამოყვანილი ლეგიონერები იმედებს ვერ ამართლებენ.

მას შემდეგ, რაც ბათუმის „დინამო“ ევროთასებზე „ტირანასთნ“ დამარცხდა და კონფერენს ლიგას პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა, ეს მოთხოვნა უფრო აქტუალური გახდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.

„სეზონის დასრულებამდე 17 ტურია დარჩენილი, გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მწვრთნელს უნდა მიეცეს დრო, მინიმუმ სეზონის ბოლომდე, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს“ – განაცხადა ბათუმის „დინამოს“ დირექტორმა ასლან ბალაძემ.