ბათუმის „დინამომ“ ტყიბულში „მეშახტე“ დაამარცხა და საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ საქართველოს თასის 1/8-ფინალში ტყიბულში „მეშახტეს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებას მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მიაღწია – 2:1.
ეს მატჩი 28 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ ლიგა 3-ის მონაწილე „მეშახტის“ ხელმძღვანელობამ ევროთასებზე ბათუმელთა მონაწილეობის გამო მატჩის გადადების ინიციატივა თავად გამოთქვა.
ბათუმელებმა ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს (45+9-ე წუთზე) გახსნეს – სტუმართა შეტევა დავით მუჯირმა დააგვირგვინა. ტყიბულელებმა მეორე ტაიმის სტარტზე (54) წონასწორობა გიორგი ბუხაიძის დარტყმით აღადგინეს.
„დინამომ“ 87-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ბუბაქარ ტამბედომ ზუსტად შეასრულა და ბათუმის „დინამო“ თასისთვის ბრძოლას განაგრძობს.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 1/4-ფინალში 18 სექტემბერს „დინამო თბილისს“ სტუმრად დაუპირისპირდება.