ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა.

შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

მომხდარის შესახებ თვითმხილველებმა ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

შემთხვევის გამო პაციენტების უკმაყოფილო მშობლებმა კლინიკაში პოლიცია გამოიძახეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ განუცხადა, მომხდარის მიზეზი მოკვლევის შემდეგ დადგინდება.

„შეკიდული ჭერი ჩამოვარდა. ოთხი პაციენტი იმყოფებოდა და არც ერთ მათგანს არანაირი ზიანი არ მიყენებია. რა თქმა უნდა, ემოციური იყო მშობლების მხრიდან რეაქცია, მაგრამ, საბედნიეროდ, არანაირი დაზიანება არ მოჰყოლია ამ ინციდენტს. ბავშვები უსაფრთხოდ არიან. ნაწილი ბინაზე წავიდა და ნაწილის გადანაწილება მოხდა კლინიკის ტერიტორიაზე. მერიის სამსახურიდან იყვნენ მოსული, სამაშველო სამსახურიდან, შეაფასეს მდგომარეობა. ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს და მოგვიანებით გვეცოდინება“, – განაცხადა თამარ ბახტაძემ.