ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს

მუსლიმური სამყაროს უდიდესი დღესასწაული ყურბან-ბაირამი ქართველმა მუსლიმებმაც აღნიშნეს. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მორწმუნეები მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა. მრევლი დღესაც ვერ დაიტია მეჩეთმა და მორწმუნეების დიდმა ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა.

ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. მორწმუნეები ალაჰს შინაურ ცხოველს სწირავენ. ხორცის დიდი ნაწილი უპოვრებს, ობლებს და მეზობლებს უნდა დაუნაწილდეს, განურჩევლად რელიგიური აღმსარებლობისა. მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

ყურბან-ბაირამი ბიბლიურ თქმულებას უკავშირდება. უშვილო აბრაამმა ღვთის წინაშე პირობა დადო, რომ შვილი თუ მიეცემოდა, უფალს საყვარელ არსებას შესწირავდა. მას მართლაც გაუჩნდა შვილი და სიზმარი ნახა, რომ მადლიერების გამოსახატად ღმერთისთვის სწორედ შვილი უნდა შეეწირა, აბრაამმა ღვთისადმი მიცემული პირობა არ დაარღვია და შვილი სამსხვერპლოზე მიიყვანა. თუმცა უფალი მის ერთგულებაში დარწმუნდა და შვილის ნაცვლად შესაწირად ზვარაკი გამოუგზავნა. მუსლიმურ სამყაროში სწორედ ამ თქმულებას მიიჩნევენ ყურბან-ბაირამის საფუძვლად და ამ დღეს უფალს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ. ამდენად, მუსლიმებისთვის ეს დღესასწაული ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება. იგი სამ დღეს გრძელდება.

დატოვე კომენტარი