ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს. ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ დღესასწაულს ქართველი მუსლიმებიც აღნიშნავენ. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველის მუფთმა, ადამ შანთაძემ შეასრულა.

„ერთთვიანი მარხვის შემდეგ ბაირამი არის სულიერი ამაღლებისა და ვნებებზე გამარჯვების დღესასწაული. ყველა მორწმუნეს ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. ვლოცულობთ ქვეყნისთვის, მსოფლიოში მშვიდობისთვის, იმისთვის, რომ მალე გავიმარჯვოთ პანდემიაზე“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.

მლოცველების სიმრავლის გამო, ლოცვა დიდმა ნაწილმა მეჩეთის გარეთ, ქუჩაში შეასრულა.

დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. ბათუმის ორთაჯამეში იგი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდა.

რამადან ბაირამი მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. მას წინ უძღვის ერთთვიანი მძიმე მარხვა, რომლის დროსაც მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება. ბაირამის დღესასწაულზე მუსლიმები უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, მოინახულებენ ნათესავებსა და ასევე წინაპართა საფლავებს.