ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში პარასკევის ტრადიციული ლოცვა არ შესრულდა
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში პარასკევის ტრადიციული ლოცვა არ შესრულდა

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში დღეს პარასკევის ტრადიციული ლოცვა არ შესრულდა. სალოცავი დაკეტილია.

საქართველოში მოქმედ ყველა მეჩეთში პარასკევისა და კოლექტიური ლოცვების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მუსლიმთა სამმართველომ გუშინ მიიღო. შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება.

საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე ამბობს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქალაქეობრივი ვალდებულებების, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციის შესრულება და ვირუსის პრევენცია. მისი თქმით, შეზღუდვა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე იარსებებს.

„დღეს მთავარია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, უნდა შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ვირუსის გავრცელების პრევენციას. ვხედავთ, როგორ ჩქარა ვრცელდება ვირუსი ქვეყანაში, როგორ მძვინვარებს მსოფლიოში, სწორედ ამის გათვალისწინებით, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ისლამი ითვალისწინებს ასეთ შემთხვევებს, როცა საფრთხე ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ლოცვა უნდა გაგრძელდეს სახლებში“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.