ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დამატებითი შეზღუდვები წესდება
ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დამატებითი შეზღუდვები წესდება

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია სანაპირო ზოლში დაფიქსირებული ხალხმრავლობის გამო, ბულვარის ტერიტორიაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს და ვიზიტორებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის სრულ ტერიტორიაზე იზღუდება:

  • სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა;
  • ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა;
  • სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა.

ამასთანავე, დახურულია სკეიტპარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა“. ასევე, შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება.

„მაქსიმალურად შეზღუდეთ ბულვარში სეირნობა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი, გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით სოციალური დისტანცია. ბათუმის ბულვარში არსებულ საპარკე ინფრასტრუქტურაზე შეხების დროს კი, მაქსიმალურად დაიცავით დეზინფექციის ნორმები. ნუ შევუწყობთ ხელს ვირუსის გავრცელებას“,- ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.