ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში „პიერ-ბათუმისა“ და სხვა უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო
ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში „პიერ-ბათუმისა“ და სხვა უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქალაქის მერიამ რესტორან „პიერ-ბათუმის“ შენობისა და სხვა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო.

ბულვარში სანაპიროს ეს ტერიტორია 2010 წელს თურქულ კომპანია „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. კომპანიის მიერ უკანონოდ განხორციელდა შენობა-ნაგებობის განთავსება ბულვარის ტერიტორიაზე.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიამ უარი განაცხადა განეხორციელებინა უკანონო შენობის დემონტაჟი და იგი დღემდე ფუნქციონირებდა.

მათივე ცნობით, სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთავსებული ნაგებობების დემონტაჟი.

პროცესს ხმაური არ მოჰყოლია, მესაკუთრეებმა დრო მოითხოვეს, რათა დემონტაჟი თავად განახორციელონ. მერიამ მათ გარკვეული დრო მისცა.