„ბათუმის ბულვარი“ სანაპიროსთვის „ლურჯი დროშის“ მოპოვებას ცდილობს
„ბათუმის ბულვარი“ სანაპიროსთვის „ლურჯი დროშის“ მოპოვებას ცდილობს

„ბათუმის ბულვარი“ სანაპიროსთვის „ლურჯი დროშის“ მოპოვებას ცდილობს. „ლურჯი დროშის“ საერთაშორისო პროექტში ჩასართავად „ბათუმის ბულვარმა“ კონკრეტული სამუშაოები უკვე დაიწყო.

„ლურჯი დროშა“ სანაპიროსთვის ერთგვარი საერთაშორისო სტატუსია, რომელიც ეკოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად, უმაღლესი ხარისხის საპლაჟო ინფრასტრუქტურის არსებობას გულისხმობს. ის დასავლეთ ევროპის ცნობილი საზღვაო კურორტების დიდ ნაწილს აქვს მინიჭებული და იგი ევროპელი ტურისტებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს.

მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციის „გარემოს დაცვის განათლების ფონდის“ (FEE) აღმასრულებელი დირექტორი დანიელ შაფერი ბულვარის ადმინისტრაციის მიწვევით ბათუმში იმყოფება. დღეს მან პროექტის პრეზენტაცია და საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

„ლურჯი დროშის მოპოვება ნიშნავს, რომ სანაპირო არის არა კარგი ან ძალიან კარგი, არამედ საუკეთესო. ამისთვის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო – გამართული და ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, სანიტარული მდგომარეობა, საპირფარეშოები. ეს მოთხოვნების მხოლოდ ნაწილია, თუმცა მივიჩნევ, რომ ბათუმის სანაპიროსთვის მიღწევადია, სანაპიროს შესწავლას მალე დავიწყებთ“, – განაცხადა დანიელ შაფერმა.

აჭარის ხელისუფლება ფონდთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. პრეზენტაციას მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.