ბათუმის ბოტანიკური ბაღში ვიზიტორთა ცენტრის შენობა გაიხსნა
ბათუმის ბოტანიკური ბაღში ვიზიტორთა ცენტრის შენობა გაიხსნა

ბათუმის ბოტანიკური ბაღში ვიზიტორთა ცენტრის შენობა გაიხსნა.

ახალი შენობის გასხნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფონდი „ქართუს“ აღმასრულებელ დირექტორთან, ნიკო ჩხეტიანთან და მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელთან, სოზარ სუბართან ერთად დაესწრო.

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, ფონდ „ქართუს“ მიერ, 2018 წელს დაიწყო.

პროექტის თანახმად, მოეწყო მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, სალარო და ასევე ორდონიანი ავტოსადგომი ვიზიტორებისთვის.

ღონისძიებას საქართველოს და აჭარის საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ბათუმის მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფონდმა „ქართუმ“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2005 წლიდან დღემდე, სხვადასხვა სახის, არაერთი პროექტი განახორციელა, რომელთა ჯამური ღირებულება 15 000 000 ლარს შეადგენს. წლების განმავლობაში ფონდის მიერ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კეთილმოეწყო გზები, გაკეთდა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები, მოხდა ენერგომომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, მცენარეთა კოლექციის შევსება უნიკალურ ჯიშებით, განხორციელდა ბაღის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ბაღის ადმინისტრაციას, ბაღის მთლიანი პერიმეტრი შემოიღობა კაპიტალურად.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები 42 ოჯახისათვის ქალაქ ბათუმში აშენდა ხუთსართულიანი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი.