ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდ „ქართუს" მხარდაჭერით ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდ „ქართუს" მხარდაჭერით ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ბაღის ტერიტორიაზე დასრულდა თანამედროვე გარე განათებისა და ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის მოწყობის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს ვიზიტორებისთვის ბაღში მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას.

ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებით, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს მიერ“, წლების განმავლობაში არა ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. მიმდინარე წელს, ფონდის მხარდაჭერით მოეწყო ორი ახალი ავტოსადგომი და მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.

ვიზიტორთა ცენტრში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პირობა, რომელიც დღეს თანამედროვე დამთვალიერებელს სჭირდება: მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სივრცე, სალარო და სხვა.

ახალ პროექტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს.

ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მიმდინარე წელს 63 % -ითაა გაზრდილი ბაღის შემოსავალი. აღნიშნული პროექტები ახალი სერვისების შექმნას მოემსახურება.