ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს
ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო და დღეიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს. კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებული ახალი ტექნიკა, ინვენტარი და ბოქსირებული პალატები დაათვალიერეს.

სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კვალიფიციური მუშაობისთვის არის საჭირო. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ახალი საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი, 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის.

აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად ოთხი კლინიკაა მობილიზებული.

კლინიკის აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა: „ორბი ჯგუფი“, „ალიანს ჯგუფი“, შპს „გზა“, „ანაგი“, „ნოვა“, „გურუ ჰოლდინგი“, „გრინ რიზორთი“, „მეტრო სითი“, „რეკან გრუპ ჯორჯია“, „ემსი ქონსთრაქშენ“, „რეალ პალასი“, „აჭარის წყალი ჯორჯია“, შპს „ფიგოილი“, „გორგია“, „მოდუსი“, „თურსა“, ,,სახლი ხეივანში”, შპს „ახალი ხედვა“, ლევან შერვაშიძე.