ბათუმის ახალი მერი ლაშა კომახიძე საქმიანობას შეუდგა
ბათუმის ახალი მერი ლაშა კომახიძე საქმიანობას შეუდგა

ქალაქ ბათუმის ახალი მერი ლაშა კომახიძე დღეს ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას. კომახიძე სამსახურში დილის 09:00 საათზე ფეხით მივიდა. მეგზურობა მას უკვე ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა გაუწია.

ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძეს ის პროექტები გააცნო, რომლებიც განხორციელების ფაზაშია.

„ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია. მუდმივად იქნება ახალი გამოწვევები. მე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ვამბობდი, რომ ბათუმისთვის მთავარი გამოწვევებია კეთილმოწყობითი სამუშაოები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, საცობები, მუნიციპალური სერვისები და სხვა. მომდევნო ოთხი წელი არ არის ცოტა დრო, მაგრამ არც ძალიან ბევრია. ჩვენ შევეცდებით, ერთნაირი ყურადღება მივაქციოთ ქალაქის ცენტრსაც და გარეუბნებსაც“, -განაცხადა ბათუმის ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ.

კომახიძე პირველ სამუშაო თათბირს დღეს გამართავს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე შეიცვლებიან ვიცემერები. ხოლო, სამსახურების უფროსები კი, მუშაობას გააგრძელებენ.