ბათუმის ახალარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
ბათუმის ახალარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

ბათუმის ახალარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. დღეს მას მერის რანგში პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. არჩილ ჩიქოვანი მერიაში 09:00 საათზე მივიდა. იგი მომავალი ოთხი წლის გეგმებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ მერი ქალაქის საკრებულოსთან და ყველა პარტიის წარმომადგენელთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეძლებს.

„საარჩევნო ვნებათაღელვამ ჩაიარა, ახლა ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენ პოლიტიკური შეხედულებები და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვითანამშრომლოთ ყველა იმ აუცილებელი პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც ელოდება ბათუმის მოსახლეობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერი არ გამორიცხავს, რომ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდება და ახალ შემადგენლობას მომავალი ერთი წლის განმავლობაში აქვს საშუალება, მოხდეს ბიუჯეტის კონტროლიც და კორექტირებაც.

არჩილ ჩიქოვანი მერად არჩევამდე ბათუმის მერის მოვალეობას მისი წინამორბედის, ლაშა კომახიძის გადადგომის შემდეგ ასრულებდა.