ბათუმიდან სომხეთში მიმავალ სატვირთო ავტომობილის მძღოლს საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა
ბათუმიდან სომხეთში მიმავალ სატვირთო ავტომობილის მძღოლს საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც ფოთის გავლით სომხეთში მიდიოდა, საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა და ის ახლა სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზიზი გაგუამ განუცხადა.

როგორც ირკვევა მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ის გზად რამდენიმე ხნით ფოთში, ავტომობილის შემკეთებელ პუნქტში გაჩერდა.

ფოთში არსებული საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, კესო გელენიძის თქმით, უკვე მოძიებული არიან პირები, რომელთანაც ინფიცირებულს ფოთში კონტაქტი ჰქონდა და ხუთი ადამიანი ფოთიდან ბათუმში არსებულ კარანტინის სივრცეში გადაიყვანეს.

„ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ბათუმელი მძღოლი, რომელმაც გაიარა ფოთი და ჰქონდა მანქანის ტექნიკური პრობლემა, გაჩერდა ტექდათვალიერების ერთ-ერთ ჯგუფთან. მოგვიანებით მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ მოძიებულ იქნენ პირები, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, ასეთი ხუთი აღმოჩნდა. ჩვენი სამსახურის მიერ კოორდინირებული მუშაობით, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი სამსახურის ცენტრთან შეთანხმებით, მოქალაქეები ბათუმის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი“, – განაცხადა კესო გელენიძემ.