ბათუმი „ვორლდ თრეველ ავარდსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
ბათუმი „ვორლდ თრეველ ავარდსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

ბათუმი ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „ვორლდ თრეველ ავარდსის“ ​(World Travel Awards) დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი).

28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე www.worldtravelawards.com/vote შეუძლია.

გამარჯვებული 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონკურსის დეტალები დღეს მედიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააცნეს.

„ეს არის მსოფლიოში ტურიზმის ერთგვარ „ოსკარად“ ცნობილი კონკურსი. გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის. დღეიდან 28 აპრილის ჩათვლით ყველას შეუძლია ხმის მიცემა, მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩაერთოთ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„ვორლდ თრეველ ავარდსის“ ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ღონისძიებაზე, რომელშიც სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის ექსპერტები და ტურიზმის სფეროში მსოფლიო მასშტაბის გავლენიანი სუბიექტებია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული, საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს ასახელებენ. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.

დღეისათვის „ვორლდ თრეველ ავარდსის“ (World Travel Awards) ბრენდს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მსოფლიოს ივენთ კალენდარში. ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სუბიექტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე რეიტინგული მედიის წარმომადგენლებს (ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, რადიო, ონლაინ პლატფორმები, სოციალური მედია და ა.შ).

ბათუმი „ვორლდ თრეველ ავარდსის“ ნომინაციაში პირველადაა წარდგენილი.