ბათუმი ტურიზმის ფესტივალს მასპინძლობს
ბათუმი ტურიზმის ფესტივალს მასპინძლობს

ბათუმი ტურიზმის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი სახელწოდებით „ტურისტერი“ ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ტურიზმის ფორუმი, საუბრები ტურიზმზე, რეგიონალური კულინარია და სტარტაპების გამოფენა.

ფესტივალის ორგანიზატორია ორგანიზაცია „ტურიზმის ინსტიტუტი“.

„საქართველოში ბევრი უნდა ვსაუბრობთ ტურიზმში არსებულ გამოწვევებზე. თუ დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები არ გავითავისეთ, გაგვიჭირდება მდგრად განვითარებაზე საუბარი. „ტურიზმის ინსტიტუტი“ კარგად გრძნობს ამ ვაკუუმს და მის შევსებას „ტურისტერის“ მსგავსი ღონისძიებებით ცდილობს“,- აცხადებს „ტურიზმის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სტარტაპების გამოფენა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიძიონ პარტნიორები და კავშირი დაამყარონ ახალ ბიზნესწამოწყებებთან დაკავშირებით.

„ტურიზმის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და ფესტივალ „ტურისტერის“ სპონსორობით, სამომავლოდ, საუკეთესო იდეების დაფინანსებაც იგეგმება.

ფესტივალ „ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულებაა აჭარული სამზარეულოს პრომოუშენი. „ტურიზმის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ აჭარული სამზარეულო დიდი პოტენციალის მატარებელია და ამ პოტენციალს სწორად დანახვა და გამოყენება სჭირდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ნაკლებად ცნობილი ლაზური და აჭარის მთის კულინარიული პროდუქტები.