ბათუმი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებას მასპინძლობს
ბათუმი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიებას მასპინძლობს

საქმიანი ტურიზმის ისტორიაში პირველად, ბათუმში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ იმართება.

ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება. საქართველო ღონისძიების მასპინძლად მრავალ ქვეყანას შორის შეირჩა. მასტერკლასს ადგილობრივი კერძო სექტორის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ერთობლივ ღონისძიებას. ეს პროექტი ეხება საქმიან ტურიზმს, შეხვედრების ინდუსტრიის მასტერკლასს. მოხარულები ვართ, რომ ეს ღონისძიება ტარდება ბათუმში, არასეზონზე, იმ მიზნით, რომ დავეხმაროთ აჭარის რეგიონს, გახდეს ოთხსეზონიანი. მნიშვნელოვანია ამ სემინარის თემატიკა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შეისწავლონ საქმიანი ტურიზმის ტენდენციები და შეიტყონ, თუ რა მიმართულებებია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან მოიზიდონ უფრო მეტი საერთაშორისო ჯგუფი, კონგრესი და ღონისძიება“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.