ბათუმი დეკემბერში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს
ბათუმი დეკემბერში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 7-20 დეკემბერს ბათუმი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძესა და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნის. ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდება ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – BATUMI INTERNATIONAL.

თეატრის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა; აჭარის, რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მსოფლიოში; ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს წამყვანი, საუკეთესო თეატრალური კომპანიებისა და მსოფლიო სათეატრო ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა; გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროექტებისა და კოპროდუქციებისთვის პარტნიორების მოძიებისთვის ხელშეწყობა; აჭარის რეგიონში თანამედროვე თეატრალური ფორმების პოპულარიზაცია.

ფესტივალს ჰყავს საერთაშორისო დირექტორთა/ექსპერტთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სათეატრო პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით, ფესტივალების დირექტორებით: რომან დოლჟანსკი (ისრაელი); დარიუშ კოსინსკი (პოლონეთი); იაცეკ გლომბი (პოლონეთი); ასტა კაზლაუსკიენე (ლიტვა);  ლიუჩიან ბალეანუ (რუმინეთი); ანდრო ენუქიძე (თავმჯდომარე, საქართველო).

ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რომლებიც საბჭოს მიერ შეირჩნენ.

საფესტივალო სპექტაკლებს ახლად რეაბილიტირებული ბათუმის თეატრი უმასპინძლებს.