„ბათუმი არენის“ მოედანზე სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა
„ბათუმი არენის“ მოედანზე სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, „ბათუმი არენის“ თანამშრომლებისთვის ბათუმის მთავარ საფეხბურთო მოედანზე სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიება საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობისა და დაშავებულთა ევაკუაციის თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. პრაქტიკული სწავლების განმავლობაში საფეხბურთო მოედნის თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების ზომების დაცვისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ ცოდნა და გამოცდილება აიმაღლეს. მეხანძრე-მაშველებმა სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.

წვრთნებში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სიმულაციური სწავლების დროს 350 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით სარგებლობს.