ბათუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს
ბათუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს

11-12 ივლისს საქართველოს მთავრობა ბათუმში უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერ ქვეყანაში, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ უმაღლესი და მაღალი დონის მონაწილეები იკრიბებიან.

კერძოდ, მინისტრის ინფორმაციით, სტუმრებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს დონეზე.

„ღონისძიებას ორგანიზებას უწევს საქართველოს მთავრობა და გამორჩეული იქნება როგორც უპრეცედენტო მასშტაბით, მონაწილეთა დონითა და რაოდენობით, ასევე – შინაარსით. მაღალი დონის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, შეაფასონ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, ასევე იმსჯელონ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, მათ შორის 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება მთელ რიგ საფინანსო შეთანხმებებს, კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 47 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.