ბათუმი აჭარის თასს უმასპინძლებს – მთავარი პრიზისთვის ევროპელებიც იბრძოლებენ
ბათუმი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. 6-10 ოქტომბერს „აჭარის თასი 2019“ გაიმართება, სადაც 2005 წელს დაბადებული ბავშვები ითამაშებენ. მთავარი პრიზისთვის ოთხი ქართული და ოთხი ევროპული ქვეყნის ასაკობრივი გუნდები ითამაშებენ – ბათუმის „დინამო“, თბილისის „დინამო“, „საბურთალო“, სფფ აკადემია, „ვალენსია“, „ეინდჰოვენი“, „ბაბელსბერგ 03“, და ესპანური საფეხბურთო სკოლა „დუბაი“, რომელიც სპონსორის სახელს ატარებს.
„აჭარის თასი 2019“-ის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, აჭარის ფეხბურთის რეგიონული ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, კომპანია „სპორტ სოლუშენი“ და ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ დამფუძნებელი ლევან სეთურიძე.
„აჭარის თასი პირველი სერიოზული ტურნირია, რომელსაც ჩვენს რეგიონში ჩავატარებთ. პროექტი დიდი ხანია მუშავდებოდა და წელს განვახორციელეთ“, – ასე აფასებს აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე.