ბათუმელი ადვოკატები პოლიციას დაშინებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებენ
ბათუმელი ადვოკატები პოლიციას დაშინებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებენ

ბათუმელი ადვოკატები პოლიციას დაშინებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ადვოკატთა კორპუსი მიმართავს მთავარ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას, გამოიძიონ ქობულეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდის დაკავების საქმე.

დაკავება გუშინ ბათუმში ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის ოფისში მოხდა.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ დაკავებული მოლაპარაკებებს აწარმოებდა საკუთარი უფლებების დამცველთან და თავად აპირებდა პოლიციის სამმართველოში გამოცხადებას, რაზეც სამართალდამცავი ორგანო ინფორმირებული იყო, თუმცა მათ ადვოკატს დაასწრეს და პირი პირდაპირ ოფისში დააპატიმრეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების უფლებამოსილების გადაჭარბებას.

„მივმართავთ მთვარ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას დაიწყოს გამოძიება და აგვიხსნას. ეს იყო ადვოკატთა დაშინების მცდელობა. გაარკვიოს და სამართლებრივად გაგვცეს პასუხი, რას ნიშნავდა ჩემს ოფისში შემოჭრა,” – განაცხადა ადვოკატმა, პაატა ნაკაიძემ.

კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ ადვოკატ პაატა ნაკაიძეს და ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ.