ბათუ ქუთელია - ღამემ ძალიან მშვიდად ჩაიარა, პოლიციაც მოწოდების სიმაღლეზე იყო
ბათუ ქუთელია - ღამემ ძალიან მშვიდად ჩაიარა, პოლიციაც მოწოდების სიმაღლეზე იყო

ღამემ ძალიან მშვიდად და წყნარად ჩაიარა, თავს ყველანი დაცულად გრძნობდნენ, – ამის შესახებ „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ღამე პარლამენტთან გაათენა.

„ამ პერიმეტრზე ბევრს ვმოძრაობდით, ვაკვირდებოდით სიტუაციას. პოლიციაც მოწოდების სიმაღლეზე იყო, შესაბამისად ინციდენტების გარეშე ჩაიარა ღამემ. ასევე მნიშვნელოვანი იყო და ჩვენს სიმხნევეს ენერგია შემატა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებამ, მოწოდებამ ხელისუფლებისადმი, რომ მათ იპოვონ გამოსავალი რაც შეიძლება სწრაფად იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელიც შეიქმნა ხელისუფლების უგუნური გადაწყვეტილების გამო. იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნება“ გამოსავალს მიაგნებს ამ სიტუაციიდან. მათ პასუხისმგებლობასა და კისერზეა ეს კრიზისი და იპოვონ გამოსავალი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობამ გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა, ბოლომდე არ გაფორმდეს სახელმწიფოს მიტაცება, რომელზეც ასე ბევრს ვსაუბრობთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორებიც ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ქუთელიამ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს ის დანაპირები, რომელიც მისცა ქართველ ხალხს და პარტნიორებს.

„ვიდრე ისინი ამ გამოსავალს იპოვიან, ნდობის ლიმიტი ამოწურეს. ძალიან დიდი ტყუილი უთხრეს მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ამიტომ, გაგრძელდება პროტესტი, პროტესტის გამოხატვის ყველა ფორმა, შესასვლელების დაბლოკვაც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პარლამენტმა დაკარგა ლეგიტიმურობა, წარმოადგენდეს ქვეყნის ინტერესებს“, – აცხადებს ქუთელია.

ამასთან, ქუთელიას თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიზანმიმართულად ხდებოდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის დაკნინება, მასზე შეტევა და სახელმწიფოს მიტაცება.

„ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის ის, რომ დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები ვერ ფუნქციონირებენ, ანდა ექვემდებარებიან ერთი ადამიანის და მასთან აფილირებული ჯგუფის კონტროლს. ამან მიაყენა ზიანი სახელმწიფო ინსტიტუციებს და არის გამოსავალია მოსაძებნი. ეს შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, როდესაც გვექნება არჩევანის გაკეთების საშუალება და პოლიტიკურ სუბიექტებს ექნებათ თანაბარ პირობებში შეჯიბრის საშუალება“, – განაცხადა ქუთელიამ.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. გუშინდელი აქციის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან კარავი აქვთ გაშლილი.

აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროექტი საქართველოს პარლამენტში ჩავარდა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.